რას ნიშნავს იყო საერთაშორისო რეიტინგების სათავეში? - საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ამბიცია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უნივერსიტეტის პოზიციები მის აკადემიურ და სამეცნიერო მიღწევებს ასახავს და ამყარებს მის პოზიციონირებას, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული კერძო უნივერსიტეტის.
საქართველოს უნივერსიტეტი წარმოდგენილია რამდენიმე საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაში, მათ შორის Nature Index-ში, QS-ში, Webometrics-სა და SCImago-ში. თითოეული მათგანი უნივერსიტეტს განსხვავებული კრიტერიუმებით აფასებს - სამეცნიერო პროდუქტიულობითა და კვლევების გავლენით დაწყებული, საერთაშორისო აკადემიური ხილვადობითა და ციფრული ხელმისაწვდომობით დასრულებული.
რას ნიშნავს ეს შედეგები პრაქტიკაში? როგორ იქმნება საერთაშორისო აკადემიური აღიარება და რა შესაძლებლობებს ქმნის ის სტუდენტებისთვის? ამ საკითხებზე საქართველოს უნივერსიტეტის მკვლევარი და რექტორის მრჩეველი რეიტინგების მიმართულებით, სანდრო თარხან-მოურავი გვესაუბრება.
რას აფასებს საერთაშორისო რეიტინგები?
როდესაც უნივერსიტეტის რეიტინგზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც გვახსენდება, მისი ადგილი და სხვა უნივერსიტეტებთან შედარებაა. თუმცა ეს მხოლოდ შედეგის ერთი ნაწილია. რეიტინგის რეალური მნიშვნელობის გასაგებად აუცილებელია ვიცოდეთ, რას აფასებს კონკრეტული სისტემა, როგორ ზომავს უნივერსიტეტის მიღწევებს და რა ინფორმაციას გვაწვდის მისი აკადემიური განვითარების შესახებ.
საერთაშორისო საუნივერსიტეტო რეიტინგები განსხვავებული მეთოდოლოგიით იქმნება. მათი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს უნივერსიტეტის სამეცნიერო პროდუქტიულობაზე, პროფესორების საერთაშორისო კავშირებსა და აკადემიურ რეპუტაციაზე, სხვები კი, დამატებით კრიტერიუმებსაც ითვალისწინებენ, მათ შორის, სტუდენტებისა და პროფესორების საერთაშორისო შემადგენლობას, კურსდამთავრებულთა წარმატებასა და უნივერსიტეტის ონლაინრესურსების გამოყენებადობას.
სანდრო თარხან-მოურავის განმარტებით, ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ უნივერსიტეტი ფასდება არა მხოლოდ სტუდენტების აკადემიური შედეგებით, არამედ იმ ცოდნითა და გამოცდილებითაც, რომელსაც მათ აკადემიური პერსონალი სთავაზობს. სამეცნიერო საქმიანობა პროფესორის კომპეტენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომია, რადგან ხარისხიანი ნაშრომის შექმნა სფეროს სიღრმისეულ ცოდნასა და აქტუალური საკითხების კვლევის უნარს მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, ერთი და იგივე უნივერსიტეტი სხვადასხვა რეიტინგში შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე აღმოჩნდეს. ამის მიზეზი როგორც შეფასების კრიტერიუმები, ისე სამეცნიერო შედეგების გაზომვის მეთოდები და რეიტინგში მონაწილე უნივერსიტეტების რაოდენობაა.
საქართველოს უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო რეიტინგებში მონაწილეობა მხოლოდ მიღწეული პოზიციების დაფიქსირება არ არის. ეს გრძელვადიანი განვითარების ნაწილია - უნივერსიტეტი საკუთარ შედეგებს საერთაშორისო სტანდარტებს ადარებს და მიზნად ისახავს, ადგილობრივ საგანმანათლებლო სივრცესთან ერთად, გლობალური აკადემიური გარემოს სრულფასოვანი მონაწილეც იყოს.
მეცნიერება, როგორც უნივერსიტეტის განვითარების საფუძველი
საქართველოს უნივერსიტეტი რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში პოზიციონირებს, თუმცა თითოეული მათგანი უნივერსიტეტის საქმიანობის განსხვავებულ მხარეს წარმოაჩენს.
Nature Index - სამეცნიერო საქმიანობის აღიარება
Nature Index, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო გამომცემლობა აწარმოებს, განსაკუთრებით წარმატებულ სამეცნიერო ნაშრომებს აფასებს და დაახლოებით 200 ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო ჟურნალის მონაცემებს ეყრდნობა. ამ ინდექსში საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოში პირველ პოზიციაზეა. როგორც სანდრო თარხან-მოურავი აღნიშნავს, ეს შედეგი იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებასა და საერთაშორისო კონკურენციისთვის საფუძვლის შექმნას ემსახურება.
"ჩვენ არ ვნადირობთ უბრალოდ რიცხვებზე: ვქმნით საფუძველს, მომდევნო წლებში გლობალურ კონკურენციაში შევიდეთ, ყველაზე სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებით."
QS - საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში პოზიციონირება
უნივერსიტეტი წარმატებით პოზიციონირებს QS-ის რეიტინგშიც, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ექსკლუზიური საუნივერსიტეტო რეიტინგია. 2027 წლის რეიტინგში ის დასავლეთ აზიაში 54-ე ადგილს იკავებს, ევროპის მასშტაბით კი 591–600 ჯგუფშია. უნივერსიტეტმა QS-ის ევროპის ტოპ-600-სა და მსოფლიოს 1401+ კატეგორიაში მოხვედრა პირველივე ცდაზე შეძლო. ქართულ უმაღლესებს შორის, უნივერსიტეტი QS-ში მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს. სანდრო თარხან-მოურავის თქმით, უნივერსიტეტისთვის შემდეგი მიზანი QS-ის საკმაოდ მკაცრ სარეიტინგო სისტემაში სტაბილურად დამკვიდრება და რეგიონში პოზიციების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.
SCImago, Webometrics და UniRank - სამეცნიერო შედეგები და ციფრული ხილვადობა
საქართველოს უნივერსიტეტი, ასევე, პირველ პოზიციაზეა ქვეყანაში SCImago-ს რეიტინგის მიხედვით, რომელსაც აკადემიური რეიტინგების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ესპანური სამეცნიერო ჯგუფი აწარმოებს. SCImago-ს მეთოდოლოგია, სამეცნიერო ნაშრომებთან ერთად, აფასებს ორგანიზაციების ინოვაციებს და მათი ონლაინ-რესურსების გავლენას. SCImago-ს რეიტინგი მეცნიერებაში მონაწილე ათი ათასამდე ორგანიზაციას მოიცავს, რომელთა შორისაც, 5,000-ზე მეტ უნივერსიტეტთან ერთად, Google-ს და ჩინეთის აკადემიის განყოფილებებიცაა.
მეცნიერებასა და ონლაინ-გავლენას აჯამებს ასევე Webometrics-ის რეიტინგი, სადაც წელს საქართველოს უნივერსიტეტი მესამე პოზიციაზე გავიდა ქვეყანაში და 2,859-ზე მსოფლიოში, რაც ასევე საუკეთესო შედეგია ქართულ კერძო უმაღლესებს შორის. აღსანიშნავია, რომ Webometrics ავტომატურად აფასებს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა უმაღლესს - ჯამში, 32,000 ორგანიზაციას - საქართველოს უნივერსიტეტის შედეგი მსოფლიოს ტოპ 9%-ს შეესაბამება.
უნივერსიტეტი ასევე ქვეყნის პირველ სამეულშია UniRank-ის რეიტინგის მიხედვით, რომელიც მთლიანად ონლაინ-რესურსებს ეფუძნება.
სანდრო თარხან-მოურავის განმარტებით, განსხვავებული მეთოდოლოგიის მქონე რეიტინგში წარმატება მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს უნივერსიტეტის განვითარების მდგრადობას და მრავალმხრივობას. რაც უფრო მეტ რეიტინგში ხარ წამყვან პოზიციებზე, ნაკლები შანსია ეს მიეწეროს მოკლევადიან და ცალმხრივ წარმატებას.
"პირველ რიგში, ეს არის გრძელვადიან საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტებზე ორიენტირება, ზედაპირული ცოდნის და ამწამიერი ადგილობრივი ტრენდების ნაცვლად."
სამეცნიერო ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი შედარებით სტანდარტულ სამუშაოს შესრულებას სულ უფრო ამარტივებს. ასეთ გარემოში იზრდება იმ სპეციალისტების როლი, რომლებსაც არა მხოლოდ არსებული ინფორმაციის გამოყენება, არამედ საკითხის არსის გაგება, კვლევა და ახალი ცოდნის შექმნა შეუძლიათ.
სწორედ ამ საფუძვლის გაძლიერებას უკავშირდება უნივერსიტეტის სამეცნიერო განვითარების სტრატეგია: მიზანი არ არის მხოლოდ დღეს მიღწეული შედეგის შენარჩუნება, არამედ ისეთი აკადემიური გარემოს შექმნა, რომელიც მომავალშიც შეძლებს ცოდნის განვითარებასა და საერთაშორისო კონკურენციაში მონაწილეობას.
რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება სტუდენტისთვის?
ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც აბიტურიენტს ან სტუდენტს შეიძლება გაუჩნდეს: თუ უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგებში მაღალ პოზიციებს იკავებს, რას ცვლის ეს ჩემს განათლებაში?
სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება ქმნის წინაპირობას, რომ უნივერსიტეტმა განავითაროს საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობები, გააფართოოს აკადემიური კავშირები და სტუდენტებს მეტი სასწავლო, კვლევითი, თუ სხვა კარიერული შესაძლებლობა შესთავაზოს. ეს ნიშნავს საერთაშორისო აკადემიურ პროექტებში მონაწილეობის, უცხოეთში სწავლის ან კვლევის გაგრძელების სულ უფრო მეტ საშუალებას - და რაც მთავარია, გლობალურ ბაზარზე მოთხოვნადი, სოლიდური კარიერის შენების შანსს. კურსდამთავრებულის უნარებთან ერთად, უნივერსიტეტის ზრდადი რეპუტაცია თავისთავადაც მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმებისას, განსაკუთრებით მაღალკვალიფიციურ პოზიციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
სანდრო თარხან-მოურავის თქმით, მაღალი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში თავად უნივერსიტეტსაც ეხმარება აკადემიური წრეებისა და ამბიციური სტუდენტების ნდობის მოპოვებაში. ეს, თავის მხრივ, ქმნის წინაპირობას ახალი პროექტებისა და პარტნიორობებისთვის, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის - ანუ იკვრება ერთგვარი განვითარების წრე, პრინციპით "წარმატება წარმოშობს წარმატებას".
"ცხადია, უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი რეიტინგი არაა არც ყოვლისმომცველი და არც ერთადერთი საზომი. რაღაც გაგებით, არ არსებობს სწორი ან არასწორი რეიტინგი: არსებობს სწორად ან არასწორად გაგება," მაგრამ საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგები და მათი ზრდადი დინამიკა ნამდვილად ასახავს არაერთ სფეროში კონკურენტებზე მეტი კომპეტენციის თავმოყრას. და უნივერსიტეტის მიზანია ეს ტენდენცია ყველა აკადემიურ სფეროზე გავრცელდეს.
აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტის არჩევისას მხოლოდ ერთ კონკრეტულ რიცხვს არ დაეყრდნონ. რამდენიმე სანდო რეიტინგის შედარება და მეთოდოლოგიის გაცნობა მათ დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ როგორც უნივერსიტეტის საერთო პოზიცია, ისე კონკრეტული მიმართულების შესაძლებლობები.
შემდეგი ეტაპი - პროფილური რეიტინგები და სამეცნიერო განვითარება
თუ განვითარების წინა ეტაპზე მთავარი ამოცანა უნივერსიტეტის საერთო სამეცნიერო საფუძვლის გაძლიერება იყო, მომდევნო ეტაპზე მეტი ყურადღება დაეთმობა ცალკეული მიმართულებების გრძელვადიან განვითარებას. ამ პროცესის ერთ-ერთი ნაწილი პროფილურ რეიტინგებში მონაწილეობა იქნება, რაც საქართველოსთვის კიდევ უფრო იშვიათობაა. აბიტურიენტებსა და სტუდენტებს პროფილური რეიტინგები კონკრეტულ სფეროებში უნივერსიტეტის შესაძლებლობების უკეთ შეფასებაში დაეხმარება.
"თუკი აქამდე ვმუშაობდით, რომ მთლიანობაში უნივერსიტეტი დამდგარიყო მყარ სამეცნიერო ფუნდამენტზე, ახლა უკვე შეგვიძლია ასევე ღრმად მივუდგეთ ცალკეული მიმართულებების გრძელვადიან, მრავალმხრივ განვითარებას."
უნივერსიტეტი მულტიპროფილურობას შეინარჩუნებს და განაგრძობს როგორც საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ისე ჰუმანიტარული სფეროების განვითარებას. თუმცა, სანდრო თარხან-მოურავის თქმით, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, STEM მიმართულებით უნივერსიტეტის მიერ ბოლო წლებში დაგროვილი პოტენციალი შესაძლოა განსაკუთრებული სიახლე აღმოჩნდეს, ქვეყნის და რეგიონის განათლებაში.
საერთაშორისო რეიტინგში მაღალი პოზიცია მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც ეს პოზიცია უნდა ემსახურებოდეს: ცოდნის განვითარებას, სამეცნიერო შესაძლებლობების გაფართოებას და ისეთი აკადემიური გარემოს შექმნას, რომელშიც სტუდენტს შეუძლია არა მხოლოდ ისწავლოს არსებული მიღწევები, არამედ თავადაც გახდეს ახალი იდეებისა და აღმოჩენების ავტორი. სწორედ ამ გრძელვადიან გზას უკავშირდება საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ამბიციები.